ქუთაისში გურამ ოდიშარიას შემოქმედებითი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში  ქართველი მწერლის, „მშვიდობის მსოფლიო ფედერაციის მშვიდობის ელჩის“, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალი თემურ ლანჩავა, რომელთაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში გურამ ოდიშარიას  ღვაწლზე ისაუბრეს.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.