ვახტანგ ყოლბაია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებითი პასპორტიზაციასა და იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბულგარეთის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ბულგარეთს და საქართველოს საერთო ბევრი აქვთ, ამიტომ, მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ტიხომირ ტოდოროვი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.