გერმანია დევნილებისთვის საქართველოს 10 მილიონ ევროს გადასცემს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. დაფინანსების სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა მოაწერეს. 
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათ დასაქმებას.
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, აშენდება 236 კერძო სახლი, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. მათ შორის მარნეულში, აშენდება სოფლის ტიპის დასახლება, დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან; განხორციელდება 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი - დევნილთა დასახლებებში ან მის სიახლოვეს. აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას; შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა 236 გრანტი, ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასული დევნილებისთვის; 130 ბიზნეს გრანტი გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებზე, დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს; დასავლეთ საქართველოში აშენდება საგანმანათლებლო ცენტრები დევნილი და არა დევნილი მოსახლეობის პროფესიული განათლებისა და უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტს - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო განახორციელებს. პროექტი 2019 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.