ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დევნილ საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ - განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ  მიმართულებებზე, რომელთა დაფინასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება. ხაზი გაესვა იმ ერთობლივ პროექტებს რომლებიც აფხაზეთის მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

„ჩვენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობა საჭიროებს, რადგან ისინი აფხაზებისა და ქართველების  დაახლოებისა და ნდობის აღდგენის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2018 წელს მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიეწოდათ ინფორმაცია. ასევე საქმიანი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან. შეხვედრებზე განხილებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.