აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებებზე. აგრეთვე ისაუბრა იმ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. „ჩვენი განსაკუთრებული მზრუნველობა, ყურადღება და მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობას სჭირდება, რადგან ისინი აფხაზებისა და ქართველების დაახლოებისა და ნდობის აღდგენის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2018 წელს მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა და მათ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან გამართულ შეხვედრებზე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხებს განიხილავდა.

ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.