ვახტანგ ყოლბაიამ რუხში, საოკუპაციო ხაზთან მოცვის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

სახელმწიფო რწმუნებულმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადეს USAID-ის და პროექტ „ზრდას“ წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის. შეხვედრის პარალელურად, ადგილობრივი ფერმერების მიერ მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოეწყო.

კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა შპს „აგორა“-მ USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით გასული წლის გაზაფხულზე მოაწყო. პროექტი 50-მდე ფერმერს ყოველწლიურად დაეხმარება მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველწლიურად 100 000-მდე კენკროვანი კულტურის მაღალი ხარისხის ნერგის წარმოება და გაყიდვა, ადგილობრივი ბაზრის სრულად მომარაგება კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით.

სანერგე მეურნეობაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თანამშრომლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია იმყოფებოდნენ.