აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საღამო „მხოლოდ ქალები“ გამართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.

საღამოზე სხვადასხვა პროფესიის 10 წარმატებული ქალბატონი, მათ შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი, დააჯილდოვეს. დაჯილდოებულთა შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.