ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალის დალაშქვრაში მონაწილეებს საპატიო სიგელები გადაეცათ

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ამავე კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. 


ხსენებული ეროვნული ალპინიადა 2018 წლის 21-25 სექტემბერს მოეწყო. ალპინიადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დალაშქვრის შედეგად აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში,ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ალპინიადის მონაწილეებს კი საპატიო სიგელები გადაეცათ საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. აქვე შედგა ალპინიადის ამსახველი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია. 

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ალპინიადის მონაწილეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.