აფხაზეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთში 1993 წლის 15-16  მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. შეტევის მოგერიებაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ქართულმა არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა უკან დაეხია. სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა. ქართული შენაერთებიდან კი დაახლოებით 190 მებრძოლი დაიღუპა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.