ვახტანგ ყოლბაიამ გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმში ,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ გაიხსნა. პროექტში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.

ასამბლეის გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით ხორციელდება. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია მსგავსი შინაარსის საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს. პროექტი აგრეთვე მოიცავს საგრანტო-სარეზოლუციო პროექტების კონკურსს. სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლებიც მცირე გრანტის ფარგლებში განახორციელებენ სარეზოლუციო პროექტებს.