მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნებას. ის ასევე გულისხმობს მთელ საქართველოში და მათ შორის გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირებში ჩაბმას და მათში საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი ლიდერების აღზრდას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოს კომიტეტის პრეზიდენტმა თათია ბაგაშვილმა.
აისეკი (AIESEC) 1948 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კულტურული ბარიერების დასაძლევად შეიქმნა. 2006 წელს ორგანიზაციამ საქართველოშიც დაიწყო საქმიანობა და ის წარმოდგენილია სამ ქალაქში; თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამჟამად აისეკი 120-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები.