რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.

დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.

რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.