ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი დაესწრნენ.

გიორგი მარგევლაშვილმა აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან და პროგრესულ ნაბიჯად შეაფასა. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შექმნა, ვინაიდან მთელის საქართველოს მასშტაბით შესაძლებელი გახდება ახფაზური ენის შესწავლა. ჩვენ აფხაზეთის განათლების სამინისტროსთან ერთად ვიწყებთ საერთო პოლიტიკის შემუშავებას აფხაზეთის საგანმანათლებლო სივრცის მიმართულებით" - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი პროექტის საფუძველზე შეიქმნა. პროგრამაზე დაყრდნობით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. პროექტის მიზანი არის აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვა.