17 მაისს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა ფერმერებმა და დევნილი მეფუტკრეების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „კოდორი 2015“, რომლებმაც წარმოადგინეს მათ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
აფხაზეთობის კვირეულის დაწყება მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ.
ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.
18 მაისს დეპარტამენტის სპეციალისტები ეწვიენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.რუხში არსებულ სასათბურე მეურნეობას და ლურჯი მოცვის სანერგეს, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ა/რ მტავრობის მხარდაჭერით და დასაქმებული არიან აფხაზეთიდან დევნილები. დეპარტამენტის სპეციალისტები გაეცვნენ სასათბურე და სანერგე მეურნეობის ფუნქციონირებას, არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს.