ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოცემის: „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები არიან: ჯემალ გამახარია, ლია ახალაძე და დაზმირ ჯოჯუა.

პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე. „ამ ნაშრომის  მთავარი ღირებულება ისაა, რომ საკვანძო ისტორიული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის როლი ერთიანი საქართველოს დამკვიდრებაში, განხილულია და დამოწმებულია როგორც ქართული, ისე  უცხოური წყაროებით და საზოგადოების ფართო მასებისთვის მიწოდებულია  გასაგებად და საფუძვლიანად,“ -  აღნიშნა მინისტრმა. ამ წიგნთან და ზოგადად აფხაზეთის ისტორიოგრაფიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, ისტორიკოსმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა: „არსებობს ერთობლივი ძალებით შექმნილი უამრავი მონოგრაფიული ნაშრომი, რომელიც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორც ჩანს ფართო მასების ინფორმირებისთვის ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამან გვიბიძგა, რომ მომზადებულიყო საკითხავი წიგნი, რომელშიც ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთის ეთნიკურ, პოლიტიკურ და  საეკლესიო ისტორიაზე, რომელიც მუდმივად იყო და დღემდე რჩება სადავოდ ქართველ და აფხაზ ავტორებს შორის“.

წიგნის ღირსებებზე და ზოგადად მის მნიშვნელობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ცნობილმა ისტორიკოსებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა დარგის სპეციალისტებმა: ზურაბ ხონელიძემ, ზურაბ პაპასკირმა, ვაჟა კიკნაძემ, როლანდ თოფჩიშვილმა, ოთარ ჯანელიძემ, ელდარ ბუბულაშვილმა, სალომე ბახია-ოქრუაშვილმა, ოთარ ხუფენიამ, ოთარ ჭითანავამ; აფხაზეთის ა/რ  უმაღლესი საბჭოს წევრებმა - თემურ მჟავიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, აკაკი გასვიანმა და სხვ.

გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ წიგნში ავტორები მაღალკვალიფიციურად მიმოიხილავენ  ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებს უძველესი დროიდან დღემდე,  ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე; მოგვითხრობენ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, 2008 წლის აგვისტოს ღია აგრესიის, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის შესახებ. ამასთანავე დასძენენ, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით.

პრეზენტაციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აფხაზეთის წართმევიდან 27-ე წელსაც საზოგადოების უმეტესობამ, როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმა, თითქმის არ იციან ან ცუდად იციან აფხაზეთის ისტორია. ამ წიგნს ამ თვალსაზრისითაც შეუძლია მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა და აფხაზეთის ისტორიასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა შინ თუ გარეთ. ამასთანავე აუცილებელია მისი თარგმნა უცხოურ ენებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთის რეალურ ისტორიაზე, მის განუყოფლობაზე დანარჩენ საქართველოსთან, რაზეც ისტორიულ წყაროებთან ერთად  აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა მეტყველებს.

წიგნი განკუთვნილია ისტორიის მასწავლებლების, უფროსი კლასის მოსწავლეებისა და  აფხაზეთის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის და შესაბამისი ინტერესი პრეზენტაციაზეც ნათლად გამოიკვეთა.