როგორც ცნობილია ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება ჩვენს ქვეყანაში. ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ყველა, მათ შორის მცირე მწარმოებელიც, იყოს ჩართული განვითარების პროცესში. ახალი ქვეკომპონენტი „კენკროვანი კულტურები“-სწორედ მცირემიწიანი ფერმერების მხარდაჭერას გულისხმობს.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გრძელდება მოსახლეობის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებები. მ.წ. 1-6 ივლისს USAID/Zrda-ს მოწვევით საქართველოს სტუმრობდნენ კენკროვანი კულტურების ცნობილი სპეციალისტები, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები კარლოს გარსია-სალაზარი და ანამარია ომეზ-როდასი (Carlos Garcia-Salazar, Anamaria Gomez-Rodas). ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემაზე „კენკროვანი კულტურების წარმოება და ბაზრის მოთხოვნები“ (თეორიული ნაწილი-„ზუგდიდის ტექნოპარკში“, ხოლო პრაქტიკული ხასიათის მეცადინეობები - აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინინიციატივით ჩამოყალიბებული სანერგეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხში), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რაიონში მცხოვრებმა დევნილებმა აფხაზეთიდან, ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა, აგრეთვე სსიპ-გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს სპეციალისტებმა.
ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. ბასარიამ. ე.წ. „გამყოფ ხაზთან“ მდებარე სოფლებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იგპ-თა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის გააქტიურების მიზნით შესდგა სამუშაო შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრებში ზუგდიდსა და წალენჯიხაში.