აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ წარმომადგენლებს შეხვდა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელ ნათელა დუმბაძეს, მოძრაობის წარმომადგენლებსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ნათელა დუმბაძემ ისაუბრა "ქართულ-აფხაზური საგას" საქმიანობის შესახებ, ასევე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

რუსლან აბაშიძემ ძირითადი აქცენტები ქართველებისა და აფხაზების შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე გააკეთა.

დაისახა გეგმები ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგა“, სახალხო დიპლომატიის კუთხით 10 წელიწადზე მეტია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათი მიზანია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ფართო ჩართულობით, გამოინახოს გზები დროებით გაუცხოებულ, ენგურსგაღმა დარჩენილ საქართველოს ძირძველ კუთხესა და აფხაზების ისტორიულ ოჯახში დასაბრუნებლად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე რაც ამ ორგანიზაციამ განახორციელა არის ის, რომ ფერიისა და ბათუმის №14 საჯარო სკოლაში კლასები ჩამოაყალიბეს, სადაც აფხაზური ენის შესწავლაა შესაძლებელი.