რუსლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. შეხვედრას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აჭარის მთავრობა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისადმი იჩენს და ასევე აფხაზების თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ბათუმში მცხოვრები აფხაზური წარმომავლობის მოსახლეობისთვის ენის შენარჩუნების მიზნით, რამდენიმე საჯარო სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა ამოქმედდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.