აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება, პუბლიცისტიკა, არქიტექტურა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში 2011-2013 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს და წარმოადგენს შენაძენს ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი:

ა) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და არქიტექტურის დარგებში და აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და კომპეტენცია.

ბ) პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;

გ) პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.

დ) ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებების წარდგენა უნდა მოხდეს დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ. ხელოვნების სხვადასხვა დარგებში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, მასმედიის საშუალებების მეშვეობით; არქიტექტურის დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ. Mმეცნიერების დარგში შექმნილი ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების ან/და მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.

ე) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა. პრემიის მოსაპოვებლად ავტორის განმეორებით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით (ნაშრომით).

ვ) ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭებისას, პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად.


კონკურსზე მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია :

1. წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგინება. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

2. საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.

3. კანდიდატის ბიოგრაფია (CV ).

4. ლიტერატურული ნაწარმოები 12 ეგზემპლარად, სამეცნიერო ნაშრომი 12 ეგზემპლარად, სიმფონიური ნაწარმოების პარტიტურა 12 ეგზემპლარად, აუდიო, ვიდეო ჩანაწერები.წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

5. კანდიდატის ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

საკონკურსო განცხადებებისა და თანდართული მასალების მიღების ვადები :

1. საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013 წლის 1 ივნისამდე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

2. კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 2013 წლის 23 ნოემბერს.

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:
თბილისი, უზნაძის ქ. #68,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
საკონტაქტო პირი: ია მაისაია, ეკა გადილია.
ტელ: 2 95-18-49