როლანდ ნიჟარაძემ გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამის მონაწილეები სახელოსნოში მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, წლეულს პირველად განახორციელა „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“. წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, საბოლოოდ სათანადო მონაცემების მქონე 10 დევნილი ახალგაზრდა შეირჩა. შესაბამისად, მათ შესაძლებლობა მიეცათ, მხატვარ-დიზაინერ ეკატერინე გეგუჩაძის სახელოსნოში დაუფლებოდნენ გამოყენებითი ხელოვნების შემდეგ მიმართულებებს: ტიხრული მინანქარი; ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი), მინის მხატვრული დამუშავება და ცივი ფაიფური.

ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურისავე ორგანიზებით, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ქვეპროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების დასათვალიერებლად სახელოსნოში ეწვია. მინისტრი მათ სწავლის თავისებურებებზე და მომავლის გეგმებზე ესაუბრა და დაინტერესდა, აპირებენ თუ არა ისინი გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე მიმართულებას გაყვნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსი კახა ძაძამია და უფროსის მოადგილე გია ფარცვანია.

ახალგაზრდების ნამუშევრების დათვალიერება ფართო საზოგადოებას 23 ივლისს, 17:00 საათიდან ვალერი არქანიას არტ გალერეაში შეეძლება.