„გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამაში“ მონაწილე დევნილი ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენამ წარმატებით ჩაიარა

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დევნილი ახალგაზრდებისთვის პირველად განხორციელებული „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, წლეულს, პირველად განხორციელდა „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“. პროგრამის ფარგლებში 10 ახალგაზრდა: ეკა ჯიტავა, ბერტა შონია, ანა გადილია, ლილე ღვინჯილია, ალექსანდრე კვანტალიანი, კესარია ღუღუნიშვილი, ნინო რიგვავა, ნინო ტყებუჩავა, ინგა მეგრელიშვილი, თამარ საბაური ორი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ გამოყენებითი ხელოვნების შემდეგ მიმართულებებს: ტიხრული მინანქარი; ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი), მინის მხატვრული დამუშავება და ცივი ფაიფური. პროგრამის ხელმძღვანლად მოწვეული იყო მხატვარ-დიზაინერი ეკატერინე გეგუჩაძე.

გამოფენა გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა, რომელმაც თქვა: „გამოფენილმა საინტერესო ნამუშევრებმა ცხადყო, რომ პროექტი შედგა, რასაც ვულოცავ თითოეულ მის მონაწილეს, პედაგოგებსა და პროექტის ორგანიზატორებს“. პროგრამის ხელმძღვანელმა მხატვარ-დიზაინერმა ეკატერინე გეგუჩაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი თითოეული მიმართულების კომპოზიციაში ყველა ბავშვი მონაწილეობდა, ყველამ შეიტანა საკუთარი წვლილი. კომპოზიციის თემად კი მისივე თქმით არჩეული იყო კონკრეტული თემა - ლურჯი სუფრა, რომელიც ქართული ტრადიციული სუფრის ნიმუშად არის მიჩნეული და რომლის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიასა და კულტურას საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსის კახაბერ ძაძამიას თქმით, „ეს იყო სატესტო პროგრამა, რომლის წარმატებულმა შედეგმა აჩვენა, რომ პროგრამა შეიძლება გაისადაც არა მხოლოდ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს“. დასასრულ, პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“, უპირველესად, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგიერთ მის მონაწილე დევნილ ახალგაზრდას, შესაძლოა, ამ მიმართულებით სათანადო ნიჭი აღმოაჩნდეს და საბოლოოდ, ის ამ პროფესიას გაჰყვეს. ამ მხრივ ეს პროექტი არის საკუთარი შესაძლებლობების (ან სულაც მთვლემარე ნიჭის) გამოვლენის საუკეთესო საშუალება.