ეკატერინე ტიკარაძემ და რუსლან აბაშიძემ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წარმოდგენილი წინადადებების განხილვა იყო. სამუშაო შეხვედრაზე, მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ბინის მიღებისა და ქირის კრიტერიუმების გადახედვის საკითხებს. ასევე, დევნილების მეტ ჩართულობას და კომისიის გამჭვირვალეობის მექანიზმის შემუშავებას. მსგავსი სახის შეხვედრები დევნილთა საინიციატივო ჯგუფებთან, რეგულარულად გაიმართება.