აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაბა ურეკში სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ბანაკში დაისვენებენ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  სოციალურად დაუცველი, 3-დან 6-წლამდე ასაკის თხუთმეტი ბავშვი მშობლებთან ერთად დაბა ურეკში დაისვენებს. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ბანაკში  ათი დღის განმავლობაში ბავშვების ჯანმრთელობაზე გამოცდილი პედიატრი იზრუნებს.

ბავშვები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა  და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის წარმომადგენლებმა გააცილეს.

პროექტი ასოციაცია"იმედი"დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

პროექტის მიზანია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ძვალ-სახსროვანი დაავადებით ხშირად  მოავადე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება,  იძულებით გადაადგილებულ  ქალთა და ბავშვთა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაცია.