აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ბათუმში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეს და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე  რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების საჭიროებები განიხილეს და მათ წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის მთავრობის წევრები  აჭარაში ასევე  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.  კონსტანტინე კუჭუხიძე და დავით ფაცაცია კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) , ხინიკაძის №4-ში, ბენზეს დევნილთა ჩასახლებაში, ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები, მოისმინეს ინფორმაცია ჩასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოსახლეობასთან ერთად  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე ობიექტზე მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, გამოიყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე იმუშავებს.  

შეხვედრებში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა მონაწილეობდა.