სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა და გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

ჯვართამაღლების დღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. 

ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვრისა.

გისურვებთ, რომ ჩვენ ყველამ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ და ჯვარი იყოს მფარველი ჩვენი. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, გოლგოთის შემდეგ მას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეთ ძალა. 

დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს. იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში. ჩვენთან არს ღმერთი!“, - იქადაგა ილია მეორემ.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მე პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს იმისათვის, რომ დღეს, ჯვართამაღლების დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამას; ასევე ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენთვის როდესაც ჩვენ მოვიხსენიებთ ჩვენი გმირების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და ვუსურვო ჩვენს დევნილ საზოგადოებას, აფხაზეთის საზოგადოებას, – გამძლეობა, ჯანმრთელობა და რწმენა“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

წირვის მიმდინარეობისას სამების ტაძრის ეზოში 25 მხატვარმა ფერწერული ტილო „გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ“ შექმნეს. მხატვრებმა იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ეკლესიაში მყოფთ წარუდგინეს, ხოლო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა საგალობელი შეასრულეს.