რუსლან აბაშიძე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ფრანგ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მიმდინარე მოვლენები.

თავის მხრივ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.