აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა და მათთვის პატივის მიგების მიზნით, გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარას საშუალო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს - ჟენია გასვიანსა და მარო გამყრელიძეს ეწვია.

როლანდ ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა მათ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მომავალ თაობებზე ზრუნვისათვის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა მრავალგანსაცდელგამოვლილ პედაგოგებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

მასწავლებლებმა დიდი სიხარული და მადლიერება გამოთქვეს გახსენებისათვის. მათ აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ შინ დაბრუნების იმედი ჯერაც არ დაუკარგავთ.