რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპრაკებების 49-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

8-9 ოქტომბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით, ასევე ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას.

საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.
 
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა  ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება. 

მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. 

მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.