რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გადასცეს.
მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ.