აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის მილოცვა აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით

ვულოცავთ დღევანდელ დღეს ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც აფხაზური ენა თვითგამოხატვისა და კულტურული თვითმყოფადობის განმსაზღვრელია.

დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე რუსიფიკაციის ფონზე, ყოველი ჩვენთაგანის ვალია დავიცვათ კონსტიტუციით გამყარებული, სახელმწიფო სტატუსის მქონე ქართული და აფხაზური ენები. მაშინ, როდესაც აფხაზეთში ქართული ენის დისკრიმინაციის პარალელურად, ხორციელდება აფხაზური ენის მიზანმიმართული განდევნა საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო სფეროდან და მისი რუსული ენით ჩანაცვლება, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აფხაზური ენის კათედრა, აფხაზურ ენაზე გამოიცემა ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელიც დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში.

სახელმწიფო ზრუნავს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისათვის.