თბილისში დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და დიმიტრი გულიას მოღვაწეობასა და დამსახურებებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, კვარტეტი „აფხაზეთი“ და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „გუმბათი“.

საღამოზე შესრულდა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები და ცეკვები, მსახიობებმა წარმოადგინეს დიმიტრი გულიას ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფრაგმენტები და  წაიკითხეს ლექსები მისი შემოქმედებიდან. აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე აფხაზურ და ქართულ ენებზე დიმიტრი გულიას ლექსები წაიკითხეს.   

დიმიტრი გულიამ  უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზური კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში. მან რუსული გრაფიკის საფუძველზე კონსტანტინე მაჭავარიანთან ერთად შეადგინა აფხაზური ანბანი, ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი. დიმიტრი გულია ივანე ჯავახიშვილის მიწვევით 1922-1924 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზურ ენას ასწავლიდა.