„თბილისი არტ-ჰოლში“ აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „ქედუხრელნი“ მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისი არტ-ჰოლში" აფხაზეთისათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „ქედუხრელნი" გაიმართა.

საღამო საქართველოს სახელოვანი წინაპრების, ღირსეული მამულიშვილების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და გმირული თავგანწირვით დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 20 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

საღამოზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კლიპი, რომელიც აფხაზეთისთვის თავდადებული გმირების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავდა. პარალელურად მოეწყო ფოტო-გამოფენა.