აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სოლო-კონცერტი გაიმართა

დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას  სოლო-კონცერტი გაიმართა. 

კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა  ჯგუფ „The Georgian Six“-თან ერთად 6 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში, დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნის. სტრასბურგში შესრულდება აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო  კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებული ქართული და უცხოური კომპოზიციები. 

დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმი 6-8 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით  მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სოლო-კონცერტი ასევე „Respire Temple Neuf“-ის ტაძარში გაიმართება, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.