რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

დეპუტატებს ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ მიაწოდეს.

სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ასევე, აფხაზეთის საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და აფხაზური ენის შეზღუდვებთან და რუსული ენის დომინანტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დღესვე, დახურული სხდომის ფორმატში ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე მოისმინეს ინფორმაცია.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.