აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე, გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე.

საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობა.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.