სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენციაზე დარგის მკვლევარებმა და მეცნიერებმა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე თავიანთი უახლესი შრომები წარმოადგინეს და მონაწილეებს ამჟამად არსებული მდგომარეობა და სპეციალისტთა შეფასებები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბე“-ს მიერ შექმნილი  დოკუმენტური ფილმის „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია მოეწყო.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი თამარ ბელაშვილი და ამ მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია სამეცნიერო წრეების ჩართვით ახალი სამეცნიერო კვლევების შექმნა, წახალისება და პრობლემის აქტუალობის გაზრდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები  კრებულის სახით გამოიცემა და  სამეცნიერო წრეებში გავრცელდება, ყველა დიდ ბიბლიოთეკას, უნივერსიტეტს, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამკითხველოებს და ოკუპირებული გალის რაიონში გაეგზავნება.