რუსლან აბაშიძე ფერიდე აცამბას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის“ ბათუმის კლუბის ორგანიზებითა და ქართულ-აფხაზური საგას ეგიდით ბათუმის მწერალთა სახლში ბათუმელი აფხაზი ქალბატონის, მეცნიერის, პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის ფერიდე აცამბას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფერიდე აცამბას მოღვაწეობასა და მის წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, საქართველოს საპატრიარქოსა და ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და ფერიდე აცამბას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

დღესვე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ფერიდე აცამბას სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

ფერიდე აცამბა იყო ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტსა და აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ბათუმის საპატიო მოქალაქე. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზი მეცნიერის აღზრდაში.