აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

10-11 დეკემბერს  ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საუბარი შეეხო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო და სეპარატისტული ძალების უკანონო მოქმედებებს - მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და ადამიანთა გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, მკაცრად დაგმეს 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება და კიდევ ერთხელ მოითხოვეს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზი გაესვა, ასევე. გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაცია შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას, გააქტიურებულ მილიტარიზაციასა და მუდმივ სამხედრო წვრთნებს.

კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად, წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი,  თუმცა  მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ სცადეს აღნიშნული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2020 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.