სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 135-ე სეზონი პრემიერით „ტროა, დაკარგული სამოთხე“ გახსნა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 135-ე სეზონი პრემიერით გახსნა - „ტროა, დაკარგული სამოთხე“ (ევრიპიდესა და ჟან-პოლ სარტრის „ტროელი ქალების“ მიხედვით). პროექტი განხორციელდა  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, საქართველოში  თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  მხარდაჭერით. ტექსტის ავტორი და სპექტაკლის დამდგმელია  მოწვეული თურქი რეჟისორი - გამზე თანრივერმიშია.

სპექტაკლი დოკუმენტურია და მასში აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებში მონაწილე ქალთა რეალური ამბებია მოთხრობილი, რომელსაც თან ახლავს   ომის შემდგომ პერიოდში გადაღებული ფოტოებიც. ომმა მათი ცხოვრება დაანგრია, ყველაფერი დაკარგეს: ქმრები, შვილები, სახლ-კარი. ახლა ისინი დევნილობის რთული რეალობის წინაშე დგანან და არ იციან რას უმზადებს მათ ბედისწერა. ნანგრევებად ქცეული ქალაქისა და დამსხვრეული ოცნებების ფონზე, სცენაზე მდგარი ქალები ინარჩუნებენ სიცოცხლის სიყვარულს და რაც მთავარია იმედს, იმედს საკუთარ სახლებში  დაბრუნებისა.

პრემიერას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) საქართელოს ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დერმიდაგი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოს თანმშრომლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და  დევნილი საზოგადოება დაესწრო.