აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და პროექტის „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მონაწილეებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს  რუსლან აბაშიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  საკითხებში  დავით ფაცაციას და პროექტ „ქართულ-აფხაზური საგას“ დამფუძნებლებს შეხვდა.

მიღებას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი აფხაზი მეცნიერის – ფერიდე აცამბას ოჯახის წევრები, სოფელ ფერიის სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის აფხაზი მოსწავლეები და სხვა პირები.

შეხვედრაზე ითქვა თუ როგორი დიდია მისი უწმინდესობის როლი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობაში და სახალხო დიპლომატიის გააქტიურებაში. აღინიშნა ისიც, რომ პროექტის, – „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა  ქართველმა  და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს და შეასრულეს აფხაზური ფოლკლორული სიმღერები. მოსწავლეებმა ქართულად და აფხაზურად წაიკითხეს ფრაგმენტები ,,ვეფხისტყაოსნიდან“ და ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონიდან“.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და ბრძანა: „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ბედნიერი შობა-ახალი წელი გქონდეთ თქვენ და საქართველოს და მსოფლიოს!“