აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია 12-16 დეკემბერს ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ხელმძღვანელობდა.   დელეგაციის შემადგენლობაში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე დავით რაფავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბონდო გასვიანი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენაში, რომელშიც ეგვიპტეში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად საქართველოს საელჩოც იყო ჩართული. საელჩოსათვის გამოყოფილ სივრცეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ წარმოადგინა პალატის წევრი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები ეგვიპტეში მცხოვრებ აბაზების ოჯახის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრამ მეგობრულ და საქმიან გარემოში ჩაიარა და შეთანხმდნენ შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ შეხვედრა გამართა კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების მზადყოფნა გამოითქვა.

შეხვედრები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ჩართულობითა და საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.