აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა წყალტუბოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე ქალაქ წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და დაიწვა საცხოვრებელი ფართი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხანძრის დროს  დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს.

შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად  იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა იმყოფებოდა.

ხანძარი 8 იანვარს, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“) გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა დევნილთა საცხოვრებელი ფართობი და ინციდენტს აფხაზეთიდან დევნილი 65 წლამდე ასაკის ორი ქალბატონი ემსხვერპლა.