წყალტუბოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ქალაქ წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და დაიწვა საცხოვრებელი ფართი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხანძრის დროს  დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ხანძარი 8 იანვარს, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“) გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა დევნილთა საცხოვრებელი ფართობი და ინციდენტს აფხაზეთიდან დევნილი 65 წლამდე ასაკის ორი ქალბატონი ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაუყოვნებლივ იქნა მიღებული სათანადო ღონისძიებები.