აფხაზეთის ა/რ 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

2019 წლის  აფხაზეთის ა/რ განახლებული მთავრობის მიერ განხორციელებული  სტრუქტურული რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავებულმა სამთავრობო პროგრამამ ახალი რეალურ გამოწვევებზე ორიენტირებული მოთხოვნები წამოსწია  და დააყენა ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის კანონის წინაშე.  ბიუჯეტის ფორმირებაში და განხილვაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების  ხელმძღვანელები, ბიუჯეტთან დაკავშირებით გავლილ იქნა კონსულტაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის  და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში.

დამტკიცებული ბიუჯეტი ითვალისწინებს ახალ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია სამშვიდობო ინიციატივებზე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე, დევნილებზე ადაპტირებული მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების ამოქმედებაზე, დევნილი მეწარმეების მხარდაჭერაზე, ნდობის აღდგენისა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებაზე. გრძელდება ჯამრთელობის  დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და აგრარულ სფეროებში წინა წლებში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები.