რუხის ინოვაციების ცენტრში მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

რუხის ინოვაციების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მეწარმეებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს.

დღესვე რუხის ინოვაციების ცენტრში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით დამწყები და მცირე მეწარმეებისთვის ტრეინინგი ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი" (SIYB) ჩატარდა. ტრეინინგში აფხაზეთიდან დევნილი ექვსი მცირე მეწარმე მონაწილეობდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრეინინგს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპერტები უძღვებოდნენ.  საგანმანათლებლო პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარება აღნიშნული სეგმენტის სტიმულირებისა და განვითარებისთვის. ტრეინინგის პროგრამა ბიზნეს იდეის შემუშავებას, ბიზნესის, მარკეტინგული და მენეჯმენტის გეგმების შედგენას, ფინანსურ დაგეგმვას და საწყისი კაპიტალის მოძიებას  მოიცავს.

საგანმანათლებლო პროექტი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით განხორციელდა.