ვახტანგ ყოლბაია ფოთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა.

ფოთის ახალ რაიონში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილები სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.

ვახტანგ ყოლბაია დევნილებს არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას შეპირდა. ფოთის ახალ რაიონში დევნილი ოჯახები საცხოვრებლად თბილისიდან, წყალტუბოდან და ზუგდიდიდან 2011 წელს ჩაასახლეს.

ფოთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ყოლბაია „სოხუმის ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის" ბაზაზე შექმნილ „ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის" პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და ავტორიზაციის პრობლემებზე ისაუბრა.