აფხაზეთის, ჰერეთისა და ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა

დედაენის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის, ბოლნისისა და კახის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მათ შორის აფხაზ მოზარდებს დღეს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა. გამოფენას „ჩემი დედა ენა", რომელიც დედაენის კვირეულს მიეძღვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელი ბუბა კუდავა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი დაესწრნენ.

გამოფენაზე მოსწავლეები დედაენის პირველ ქართულ და აფხაზურ გამოცემებს გაეცნენ. ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მასალები და მიმოწერები იაკობ გოგებაშვილის არქივიდან.

პროექტი სახელმწიფო პოლიტიკის „ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის ცოდნის ხარისხის ამაღლებისა" და ქართული სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი კვირეულის „ვამრავლოთ მამულში სიტყვა ქართული" ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს  სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ქურმუხელი" და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.