5 ივლისი კამანის ტრაგედიის დღეა

აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა.

1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,  ქართველები მოწინააღმდეგის იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.

კამანის ტრაგედიის დღეს, იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და  აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა  ტაძრის ეზოში მოწამეობრივად აღესრულნენ. ისინი ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ თავისი სულიერი მრწამსის და საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს, სამშობლოს რომელიც ყველასთვის ერთი იყო. მამა ანდრია  და  იური (გიორგი) ანუა დაკრძალული არიან კამანის ეკლესიის გალავანთან.

1988-1990 წლებში იური ანუამ სოფელ კამანში არსებული ნგრევისპირას მისული, იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი, საკუთარი სახსრებით აღადგინა და წმ. იოანე ოქროპირის სასწაულმოქმედი ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კამანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნა. 1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა და იური (გიორგი) ანუას გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.