ვალერი არქანიას ,,არტ გალერეაში“ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას შრიფტის წარდგინება გაიმართა. შრიფტი ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა.
ახალი შრიფტი ჟიული შარტავას კალიგრაფიაზეა დაფუძნებული და მისი სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.
პრეზენტაციას უძღვებოდა ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც ჩვენი დროის გმირზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების სათანადოდ დაფასება მისი ღირსეული მომავლის საწინდარია.
შრიფტის შექმნის იდეის ავტორი და მთავარი კონსულტანტია ჟიული შარტავას თანაკურსელი და მეგობარი ზურაბ ჯიბლაძე; შრიფტის ავტორია გრაფიკოსი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი მურმან გელენიძე; ფონტების ავტორი კი კობა კურტანიძე. შრიფტის ელექტრონული ვერსია გიორგი ბაგრატიონმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ მურმან გელენიძის თაოსნობით შრიფტი უკვე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლება, რაზეც პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სტუდენტთა ნამუშევრებიც მოწმობდა.
პრეზებტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ წევრები, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და ჟიული შარტავას მეგობრები.