რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. სოხუმის თეატრი მაყურებლის წინაშე გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ წარსდგა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეექვსედ იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება, საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.